ახალი ამბები

დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროში საზეიმოდ გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
თეა წულუკიანის განცხადებით, დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, ყვარელწყალში, ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, სანიორეში, წნორში, კაჭრეთში, ახალსოფელსა და უდაბნოში.
,,საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების – ზემო და ქვემო ქედის, ფიროსმანის, საბათლოს, სამთაწყაროს, ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის, მირზაანის, გამარჯვებისა და სხვათა – 28 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა დედოფლისწყაროში შირაქის ქუჩაზე სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. მას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი.
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა”,– განაცხადა თეა წულუკიანმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები.
,,ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა”,– განაცხადეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.