ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი
თელავის ურბანული განვითარებისა და სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის განხორციელების პარალელურად დღის წესრიგში დადგა ქალაქის ცალკეული ქუჩის ფუნქცური განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ახალ სულს შთაბერავს ძველ კულტურულ გარემოს და ხელს შეუწყობს ქუჩის მაცხოვრებელთა ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
სწორედ ამიტომ თელავში ინოვაციური პროექტის „ჩემი ქუჩა – ჩვენი ქალაქი“ განხორციელება დაიწყო, რათა სხვადასხვა განვითარების პროცესების პარალელურად მოხდეს მუშაობა კონკრეტული ქუჩის მოსახლეობის გააქტიურებაზე, თვითორგანიზებაზე და მათი საჭიროებების გამოვლენაზე; მოსახლეობის ჩართულობით ისეთი ხედვების ფორმირებაზე, რაც ქუჩის გრძელვადიანი გაცოცხლების და განვითარების პერსპექტივას შექმნის.
სათემო განვითარების ცენტრი და მედია ცენტრი კახეთი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ თელავში იწყებენ ახალი პროექტის, „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“, განხორციელებას. პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება მოცემულ ეტაპზე ითვალისწინებს ქ. თელავში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის https://youtu.be/ulSvE53Tiis (გომბორის შემოსახვევიდან – ცენტრალურ ბაზრამდე) განვითარებისა და მისი ქალაქის ტურისტულ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვის პოტენციალის კვლევას.
პროექტის მენეჯერის, ანა მარგველაშვილის განმარტებით, „სოციოლოგიური კვლევის მეშვეობით მოხდება მოსახლეობის აზრის და შინამეურნეობების შესაძლებლობების კვლევა (კარდაკარ პრინციპით); ხოლო, პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს ჭავჭავაძის ქუჩის ისტორიის კვლევასა და ალტერნატიული, ისტორიული ტურის განვითარებას, ამ მიზნით ქუჩის მოსახლეობასთან ჩაიწერება ვიდეო-ინტერვიუები. ხოლო, პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე, ჭავჭავაძის ქუჩის მოცემული მონაკვეთის განვითარების ხედვაზე იმუშავებს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებისგან. პროექტის მსვლელობა და მისი შედეგები იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მხარისათვის.“
პროექტის გრძელვადიანი მიზანია ქუჩის მოსახლეთა გაერთიანება, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მიმართებით მკაფიოდ ახერხებს პრობლემების ჩამოყალიბებას და იბრძვის საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისათვის. ამისათვის პროექტი გამოიყენებს უკვე მოქმედ პლატფორმას: www.initiative.ge.
(პლატფორმა www.initiative.ge 2019 წელს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის MCK (მედია-ცენტრი კახეთი / კახეთის რეგიონული ჰაბი) ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამ ეტაპზე პლატფორმის საშუალებით მოქალაქეთა 100 მდე ინიციატივა, რომელთაგან თელავის მერიამ 8 ინიციატივა 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა. )
წარმოდგენილი პროექტის „ჩემი ქუჩა – ჩვენი ქალაქი“ ძირითადი და უშუალო მიზანია, თელავში ერთი ქუჩის (ი.ჭავჭავაძის ქუჩა) განვითარების ხედვის ფორმირება, მაცხოვრებლების ჩართულობით, კვლევაზე დაფუძნებით და მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.