ლაგოდეხში ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას პატიმრობა შეეფარდა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხის ნაკრძალში უცხოელი ტურისტის გაუპატიურებისათვის ბრალდებულ ახალგაზრდას პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა საქმის პროკურორის, ოთარ სამუნაშვილის არგუმენტები, რომ ბრალდებულს საქმის მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა ან მიმალვა შეუძლია.
27 წლის ახალგაზრდას, გამოძიება საქართველოში გერმანიდან ჩამოსული ტურისტი ქალის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გაუპატიურებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 4 სექტემბერს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შავი კლდეების ტბასთან, ტურისტებთან ერთად ხუთი ადგილობრივი ახალგაზრდაც იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა, ტურისტი ქალი გააუპატიურა. ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ 5 სექტემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდას, 6- 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.