მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა
პოლიტიკური რეკლამა (R)
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია.
„ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში. ამ ამოცანის განხორციელებას ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ რეფორმირებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად თვისებრივად განახლდა და დაიხვეწა.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას უკვე რამდენიმე კვირაა წარმართავს. ყველა თვალნათლივ ხედავს, რომ ჩვენი პარტია აგიტაციას აწარმოებს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენი ლიდერები, კანდიდატები და აქტივისტები ამომრჩევლებს ქალაქებსა და სოფლებში ესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ ხედავენ რეგიონებისა და მთლიანად, ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას. როგორც ხედავთ, კამპანია წარიმართება სრულიად მშვიდ გარემოში.
მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნების“ მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნვეყოფაში.
„ქართულ ოცნებას“ აქვს სტაბილურად მაღალი და ამასთან, მზარდი საარჩევნო რეიტინგი, რაც გვაძლევს მტკიცე მოლოდინის საფუძველს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს ჩვენი პარტია კიდევ ერთხელ მიიღებს ძლიერ ნდობის მანდატს და შექმნის მყარ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში.
„ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება არის აუცილებელი პირობა საქართველოს შემდგომი წინსვლისა და წარმატებისთვის!, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.