ახალი ამბები

 სოფელ კარდენახში ბუტიკის ტიპის სასტუმრო გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ბუტიკის ტიპის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ამპელო“ გაიხსნა.

სასტუმროს დიზაინი ქართულ-ევროპული ელემენტებითაა გაჯერებული და მისი საინვესტიციო ბიუჯეტი 6 მლნ. ლარია.

„სასტუმრო ,,ამპელოს” მშენებლობის მთავარი მაპროვოცირებელი სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“ იყო. ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში სასტუმროს ინდუსტრიის განვითარებას და მომსახურეობის ხარისხის გაზრდას, რადგან ამ დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათები ფინანსურად ძალიან მიმზიდველია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისათვის“, – აცხადებენ „ამპელოში“.

აგრეთვე აღნიშნავია, რომ სასტუმროს მომხმარებლების ძირითადი სეგმენტი ადგილობრივი მოსახლეობაა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ისინი კიდევ ერთი, ახალი მასშტაბური სივრცის დამატებას გეგმავენ, რომელიც მათი განმარტებით, რეგიონის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს.

„ამპელო“ კონცეპტუალურ, მაღალი კატეგორიის 20 ნომერს, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ ღვინის მარანს, 3 სარესტორნო სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, ღია აუზსა და ტერასებს აერთიანებს.