დღეიდან მოძალადეს შემაკავებელ ორდერთან ერთად სამაჯურიც დაუმაგრდება
1 სექტემბრიდან მოძალადეს, შემაკავებელ ორდერთან ერთად, სამაჯურიც დაუმაგრდება. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
„სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხისა და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად, მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით“, – აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროს ცნობით, კანონის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ – UN WOMEN-მა შსს-ს 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა.
„ოჯახში (ქალთა მიმართ ძალადობისა) და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით, ეტაპობრივად არაერთი ღონისძიება ტარდება“, – განმარტავენ სამინისტროში.