სოფელ ჩუმლაყში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შპს „ქართული აგრო პროდუქტის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
უწყების ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, 1,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ბრენდის „კეთილი და პატიოსანი“ სახელით, ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
„ამ საწარმოს მაგალითზე კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ორიენტირებულია ქართველ მეწარმეზე და ბიზნესზე. ის დიდი სიკეთეები, რაც თანდათან ნათელი ხდება მოსახლეობისათვის, ამ საწარმოს არსებობით კიდევ ერთხელ დასტურდება“, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციითვე, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა.