ახალი ამბები

,,ჯუსოს მეღვინეობამ“ სოფელ შილდაში ვენახები გააშენა

„ჯუსოს მეღვინეობამ“ „თიბისი” ბანკის მხარდაჭერით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ვენახები გააშენა.

კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება.

მისივე განცხადებით, „ჯუსოს მეღვინეობა“ ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს. მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური.

,, სამ წელიწადში „ჯუსოს მეღვინეობის“ ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ჩამონათვალს წითელი ბუდეშურისგან და ქისისგან დამზადებული ქვევრის ნატურალური ღვინოები შეემატება. სწორედ აღნიშნული ყურძნის ჯიშები გააშენა „ჯუსოს მეღვინეობამ“ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში „თიბისი” ბანკის შეღავათიანი აგროსესხის ფარგლებში. სოფელ შილდაში ვენახები 4.5 ჰა ფართობზე გავაშენეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქვევრის ღვინის წარმოება. ჩვენს მცირე მარანში წლიურად 10-13 ტონამდე ყურძენი იწურება და ქვევრში ღვინის დაყენების მთლიანი პროცესი, დაწურვიდან ბოთლში ჩამოსხმამდე, ჩემი, ჩემი ძმის და ჩვენი მთავარი მეღვინის გიორგი ბარისაშვილის მნიშვნელოვანი ჩართულობით წარიმართება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატურალური ქვევრის ღვინის დაყენება. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მსურს გამოვარჩიო “ჯუსოს მეღვინეობის” კოსტაფეს (რქაწითელი-ქისი-მწვანე-ბუერა) ჩამოსხმა, რომელიც ჩვენი პაპის ჯუსო მეზვრიშვილის 60 წლის წინ გაშენებული ვენახებიდან მოდის“, – ამბობს „ჯუსოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ხვედელიძე.

,,ჯუსოს მარანი” მოიცავს 18 ქვევრს (ჯამში 17 ტონის) და სადეგუსტაციო სივრცეს სტუმრებისათვის.

ლაშა ხვედელიძეს განცხადებით, ყოველწლიურად 7-დან 10 ათასმდე ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომელიც წარმატებით გადის ექსპორტზე აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში. ახალგაშენებული ვენახებიდან ყურძნის მოსავლის მიღების შემდეგ „ჯუსოს ღვინის“ წარმადობა და შესაბამისად, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც გაიზრდება.