თელავში წიგნის „თელავი წარსული და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის ოფისის ორგანიზებით, თეიმურაზ ვახტანგიშვილის და ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილის წიგნის „თელავი წარსული და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ერთ–ერთი ავტორის, თენგიზ სიმაშვილის განცხადებით, ნაშრომს გარკვეულწილად ქალაქ თელავის ისტორიის „მეგზურის“ დანიშნულება აქვს და მასში გაშუქებულია თელავის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, თუმცა მეტი ყურადღება დათმობილი აქვს ახალი და უახლესი პერიოდის მოვლენებს, ისტორიული ძეგლებისა და ქუჩების აღწერილობას.
მისივე ინფორმაციით, წიგნში ასევე მთავარი ყურადღება გამახვილებულია ქალაქის ცენტრალური მოედნისა და მასთან დამაკავშირებელი ძირითადი ქუჩების აღწერაზე, განაშენიანებასა და იქ მცხოვრებ ადამიანთა ვინაობის წარმოჩენაზე.
,,წიგნი ეხება თელავის ისტორიას და მოიცავს ახალ და უახლეს წარსულს. მისი დაწერის ინიციატორი იყო თეიმურაზ ვახტანგიშვილი. სწორედ მისი სურვილით შეიქმნა წიგნი, რომელშიც ასახულია საბჭოთა და კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდის თელავის ისტორია. ასევე თელავის ცენტრალური ქუჩების და აქ მცხოვრები ადამიანების ისტორია.
იგი მოიცავს იმ პერიოდს რომელიც გარკვეულწილად ნელნელა ქრება და იკარგება. წიგნი განკუთვნილია როგორც ფართო მკითხველისთვის, ასევე თელავის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის. რაც შეეხება ტირაჟს, პირველ ეტაპზე იმ რაოდენობით ვერ დავბჭდეთ, რომ გაყიდვადი იყოს. გამოცემული მცირე ტირაჟი ძირითადად ბიბლიოთელებზე და სხვა დაწესებულებებზე გადანაწილდა.
ზოგადად წიგნის გამოცემა ძვირი ჯდება და ამის გამო ვერ ვახერხებთ მეტი დავბჭდოთ და ქსელში შევიტანოთ”,– განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.