მმართველმა გუნდმა კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი ოფიციალურად წარადგინა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.
პარტიის გადაწყვეტილებით თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იყრის კენჭს. კანდიდატის წარდგენამდე მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა მიმართეს. ღონისძიება თელავში, ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში გაიმართა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ის აღმშენებლობა, რომელიც კახეთში მიმდინარეობს, უნდა გაგრძელდეს.
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი, უნდა მივაქციოთ ყურადღება თელავის, როგორც საგანმანათლბლო ცენტრის განვითარებას. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,, რა თქმა უნდა თქვენთან და ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია და იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი.
დარწმუნებულები ვართ, რომ იგი გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის კახეთის და თელავის ყველა პრობლემა, მას არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემის. ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.