ირაკლი ქადაგიშვილი–ბევრი კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.
„ოთხი წლის წინ, როდესაც მქონდა შემოთავაზება, თბილისში გამეგრძელებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა თუ წამოვსულიყავი კახეთში, მე უყოყმანოდ ავირჩიე აქ წამოსვლა, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო გარკვეული გამოწვევა ჩემი მშობლიური მხარისთვის მემსახურა, გამეკეთებინა შესაძლებლობების მაქსიმუმი.
დღეს ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად გატერებული ოთხი წელი იყო და არის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ როგორც იტყვიან, საქმე, გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა.
ამიტომ, რადგან დადგა ჩემი კანდიდატურა, მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და განვლილი გზის გაგრძელებას. გზისა, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს მეტ საშუალებას, უფრო ეფექტურად, სწრაფად, კონკრეტულად მოემსახუროს თავის მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. რეგიონალური მმართველობა იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც საშუალებას მისცემს მას უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტი განახორციელოს რეგიონში. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ის სიკეთე, რომელიც აქამდე მოტანილია, კიდევ უფრო გამრავლდეს, უფრო ხელმისაწვდომი და ხელშესახები გახდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი განცხადებით, ქვეყანას ესაჭიროება მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება.
„მხოლოდ მდიდარ, განათლებულ, თავის თავში დარწმუნებულ, ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი, მხოლოდ ასეთი ქვეყანა ააშენებს მომავალს, მთლიან საქართველოს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასახლე, ის მეფე, რომელიც აქ იყო მაგალითი მთელი საქართველოსთვის თავმდაბლობისა, მსახურებისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაერთიანებს და ჩვენ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ერთად უნდა ვიყოთ საქართველოს წარმატებისათვის.
დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც თქვენ ყველამ დღეს აქ მობრძანებით გამომიცხადეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.