აშშ–ს ელჩი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა
აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა და „როჭოს ჩანჩქერის ბილიკი“ დალაშქრა. იგი ასევე გაესაუბრა ვიზიტორებს და მოგზაურობაში წარმატება უსურვა.
ელჩის განცხადებით, ის პირველად იმყოფებოდა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და მოხიბლულია ხელუხლებელი ულამაზესი ბუნებითა და კარგად მოწყობილი სალაშქრო ბილიკით. მან როჭოს ჩანჩქერთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
“როჭოს ჩანჩქერის ბილიკი“ საფეხმავლოა და მისი საერთო სიგრძეა 9.5 კმ. ბილიკი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და ფართოფოთლოვანი ხეების საფარის ქვეშ მიემართება, მდინარე შრომის ხეობის მიმართულებით.
ბილიკზე მოგზაურობისას გვხვდება რცხილნარის უნიკალური და წიფლნარის შერეული კორომები, რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათია.
ბილიკის ბოლოს უზარმაზარ მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით გადმოვარდნილი წყლის მასა შვიდმეტრიან წყალვარდნილს „როჭოს ჩანჩქერს“ ქმნის.
საქართველოს დაცული ტერიტორიების შექმნა – განვითარებას აშშ-ს მთავრობა წლებია მხარს უჭერს და აფინანსებს.