ახალი ამბებივიდეორეპორტაჟისტატიები

„ქართული ოცნების“ ლიდერები, კახეთში ამომრჩევლებს შეხვდნენ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.
წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრნენ.
პარტიის გადაწყვეტილებით თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იყრის კენჭს.
კანდიდატის წარდგენამდე მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა მიმართეს. ღონისძიება თელავსა და ახმეტაში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, ირაკლი ქადაგიშვილმა ზედმიწევნით იცის რეგიონის ყველა პრობლემა. მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ასევე რთველზეც.
მისი განმარტებით, 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს ეს ციფრი იყო – 278 000 ტონა, დაახლოებით 5 – ჯერ მეტი, რაც, მისივე განმარტებით, ერთობლივი შრომის შედეგია. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც კახეთის განვითარებისთვის ხორციელდება და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად.
,,უნდა გაგრძელდეს, თელავის რეაბილიტაცია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი, მოგეხსენებათ, კურდღელაურში შენდება საბავშვო ბაღი, უნდა გაგრძელდეს, ასეთი საბავშვო ბაღები ყველა სოფელში უნდა იყოს.
უნდა მივაქციოთ ყურადღება თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას. წელს დასრულდება მშვენიერი პროფესიული საწავლებელი „პრესტიჟი“ და ასევე თელავის უნივერსიტეტში, ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად შეიქმნება განსაკუთრებული სპეციალიზაცია, რომელიც პირდაპირ მიეხმარება ჩვენს ფერმერებსა და გლეხებს უფრო მეტი ცოდნა და კომპეტენცია შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ადამიანთან, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის დღეს რეგიონის ყველა პრობლემა და არ დასჭირდება ბევრი მომზადება. ის არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის’’,–განაცხადა გიორგი გახარიამ.
მხარდამჭერებს ასევე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც მიმართა. მისი განცხადებით, კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, ლაღი და მდიდარი მხარე.
,,კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს ქართველი გლეხის შრომით მოყვანილი და სახელმწიფოს დახმარებით აშენებული ქარხნების მიერ ჩამოსხმული ღვინოები მთელს მსოფლიოში იყიდება და ადამიანის შრომა დაფასებულია. შეიძლება ჯერ იმდენად არა, რამდენადაც ვისურვებდით, მაგრამ იმაზე უკეთ ნამდვილად არის, რაც იყო წლების წინ.
ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რეალობა სურვილს დავუახლოვოთ, ყველა რეგიონის პოტენციალი ბოლომდე ავითვისოთ, ადამიანებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ მაქსიმალურად მოტივირებული იყვნენ – მეტი დოვლათი შექმნან, მეტი შემოსავალი მიიღონ, რადგან თითოეული გლეხის, თითოეული ადამიანის, თითოეული ქართული ოჯახის სიძლიერე ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი სამშობლოს ძლიერებას განაპირობებს.
სწორედ ამიტომ შევარჩიეთ თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი, კახეთზე და კახელებზე უზომოდ შეყვარებული და საქმიანი კაცი მაჟორიტარობის კანდიდატად“, – განაცხადა კალაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. მან ქვეყნის განვითარებაზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, სამომავლო გეგმებსა და 2008 წლის აგვისტოს ომზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განმარტებით, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ მეომრებთან ერთად შეუძლებელი შეძლო და დაამარცხა „მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა“.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დღეისთვის ბევრი გამოწვევაა, რომლებთან დაკავშირებითაც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუმცა საქმე, გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ ბევრია.
 
,,რადგან დადგა ჩემი კანდიდატურა, მე ამას განიხილავ როგორც ერთად გაკეთებული და განვლილი გზის გაგრძელებას. გზისა, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს მეტ საშუალებას, უფრო ეფექტურად, სწრაფად, კონკრეტულად მოემსახუროს თავის მოქალაქეებს და მათ ინტერესებს.
რეგიონული მმართველობა უნდა იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც საშუალებას მისცემს მას უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტი განახორციელოს რეგიონში. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ის სიკეთე, რომელიც აქამდე მოტანილია, კიდევ უფრო უნდა გამრავლდეს, უფრო ხელმისაწვდომი და ხელშესახები გახდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.