კახეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს
აგვისტოს ომის გმირები, ისევე როგორც მთელ საქართველოში, კახეთშიც გაიხსენეს.
ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უნდა გვახსოვდეს გმირები და ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც ამჟამად დევნილობაში არიან.
,,12 წელი გავიდა და ეს ჭრილობა მოუშუშებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ აგვისტის ომში დაღუპულებს და ყოველდღიურად ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალებულები არიან. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ამ ოკუპაციის შედეგს შეეწინააღმდეგოს და წარმატებით გაართვას თავი არაღიარების პოლიტიკას, მინიმუმამდე დაიყვანოს ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ოკუპანტის მხრიდან მოდიოდეს საქართველოს წინააღმდეგ” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
სოფელ ქვემო ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟოტიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახმეტა- თელავი- ყვარელი ლაგოდეხის ოლქში, გიორგი ბოტკოველი და პარტიის წარმომადგენლებიც.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რუსეთ- საქართველოს ომში, 2008 წლის 9 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა.
ოკუპანტებმა ის, წამებით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე, ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებულმა გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი გიორგი ანწუხელიძე იყო.
გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის 15 აპრილს, 24 წლის სერჟანტს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
სიკვდილის შემდეგ ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით. თუშეთის სადროშომ დაღუპულ სამხედროს ” თუში სახალხო გმირის” წოდება მიანიჭა.
გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემიაც.