ახალი ამბები

 სტიქიამ სოფელი კაბალი დააზარალა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი დააზარალა.

ამ წუთებში, კაბალის მოსახლეობა სოფლის ცენტრში, იუსტიციის სახლთან არის შეკრებილი. მათთან შეხვედრაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი იმყოფება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა გაანადგურა მოსავალი, მრავალწლოვანი კულტურები, სათბურები და საცხოვრებელი სახლების სახურავები.

,,სტიქიამ გაანადგურა მოსავალი და გააფუჭა სათბურები. დააზიანა ასევე ჩემი სახლის სახურავი. მსგავსი პრობლემები სხვა ადგილობრივებსაც შეექმნათ”,–განაცხადა ადგილობრივმა, არზუმან ასტანოვმა.

შეგახსენებთ, ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფლები ბაისუბანი და მსხალგორი დააზარალა. განადგურებულია მოსავალი, დახოცილია შინაური ფრინველი და დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.