პარტიამ ,,ევროპული საქართველო” კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კახეთის ორ საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებას პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარუდგინა.
პარტიის გადაწყვეტილებით, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის ზურაბ ჭიაბერაშვილი;
გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში კი გიორგი ღვინიაშვილი.
დავით ბაქრაძეს განცხადებით „ევროპული საქართველოს“ სამი მთავარი დაპირება კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაციაა.
,, დღეს საქართველო არის პრობლემებში, გაჭირვებაში, სიღარიბესა და უიმედობაში. სწორედ ეს საქართველო უნდა გადავარჩინოთ ოქტომბრის არჩევნებზე. ამიტომ ეს არ არის ბრძოლა პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის ბრძოლა თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, წინსვლისა და უკეთესობისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.