ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში, თანამდებობა დატოვა. განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს პრემიერ- მინისტრს უკვე წარუდგინა.

ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს, მედიასთან შეხვედრისას ოთხწლიანი მუშაობის შედეგებზე ისაუბრა და რეგიონის მთავარ პრიორიტეტებსა და პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, მუშაობის პერიოდში პრიორიტეტული მიმართულება იყო განათლება, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა, სადაც ბევრი სერიოზული და წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა.

,,ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და წარმატებებსაც მივაღწიეთ. გვაქვს გამოწვევები ასევე რეგიონის წყალმომარაგების, მუნიციპალური ტრანსპორტის, სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. მინდა გითხრათ, რომ კახეთი ლიდერია დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით და ბევრი პროექტის დაფინანსება მოვიპოვეთ. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ისიც რომ იქნება თელავის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი, რაც, ამ ქალაქის პოტენციალს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ თელავის აეროპორტისა და თუშეთის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობის საკითხები მხოლოდ პროექტებად არ დარჩება და აუცილებლად განხორციელდება”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი, ” ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ახმეტა- თელავი- ყვარელი ლაგოდეხის ოლქში დაასახელა.

ქადაგიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად 2016 წელს დაინიშნა. ახალი გუბერნატორის დანიშვნამდე კი სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას, პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი შეასრულებს.