ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის მუნიციპალიტეტების პრობლემებს კარგად ვიცნობ

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

ის მოქმედი გუბერნატორია. მისი განცხადებით, ოთხივე მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს და გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა, რაც პარლამენტის წევრს აკისრია.

„კარგად ვიცნობ ოთხივე მუნიციპალიტეტის როგორც მაცხოვრებლებს, ასევე პრობლემებს. მესმის ის პასუსიხმგებლობა, თუ რას ნიშნავს იყო პარლამენტის წევრი. რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებ. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, რადგან ეს კახეთისთვის ეკონომიკის წამყვანი მიმართულებაა. კარგად მესმის, თუ რა რეფორმებია გასატარებელი, რათა თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება მოქალაქეების ინტერესებზე იყოს მორგებული.

ასევე, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდეს და აღმავლობა შეუქცევადი გახდეს. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ფუნქცია იქნება, კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯები გადავდგა, რაც მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს. კერძოდ, ისეთი რეფორმები და კანონები იყოს მიღებული, რაც ეკონომიკას განავითარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.