სოფელ ველისციხის რეაბილიტაციაზე ტენდერი შემოდგომაზე გამოცხადდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო პროექტების მართვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის ნინო ნინოშვილის ინფორმაციით, სოფელ ველისციხის რეაბილიტაციაზე პროექტირების ეტაპი დასრულებულია.
მისივე თქმით, სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი შემოდგომაზე გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანიის გამოცხადების შემდეგ შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. ჯერძოდ, სოფელ ველისციხის ნაწილის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის პროექტირების ეტაპი დასრულებულია და ტენდერი შემოდგომაზე გამოცხადდება”,– განუცხადა knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.
სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია წელს იგეგმება. პროექტს კომპანია „ამხანაგობა 21″ 2021 წლის გაზაფხულზე დაასრულებს.
კომპანიის დირექტორის, გია აბულაძის თქმით, სოფელში შეიქმნება ცენტრი, მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.
„ველისციხეში იგეგმება საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა. აქ არის ქალაქური ტიპის განაშენიანება. გარდა ამისა, სოფელში არის უნიკალური სარდაფები და მარნები, რომელთა მსგავსიც საქართველოში ძალიან ცოტაა”, – განაცხადა გიორგი აბულაძემ.
პროექტს მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარია.