დედოფლისწყაროში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში შევიდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 23 ივლისს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა.
დიდნაურის ნაქალაქარს 2014 წელს მიაკვლიეს. სატელიტური გადაღებების განხილვის შედეგად ეს აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება – ნაქალაქარის შიდა ციხე 1,5 კმ. სიგრძის გალავნითა და 12 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილით შემოსაზღვრული. აღნიშნულ ადგილზე გასული წლების მანძილზე დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა.
მოპოვებული კერამიკული მასალის მიხედვით ექსპედიცია ნაქალაქარს ძვ. წ. XII-IX საუკუნეებით ათარიღებს. სპეციალისტების ვარაუდოთ, ნაქალაქარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად უნდა იყოს დანგრეული და კატასტროფა სავარაუდოდ ძვ. წ. IX საუკუნეში მოხდა.
ექსპედიციის წევრები ასევე ვარაუდობენ, რომ ის უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის. სპეციალისტებს ეჭვის საფუძველს სასახლის მასშტაბები, ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნასახლარები და სამარხები აძლევს.