ახალი ამბები

პანკისში მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს

სროლა იყო წუხელ ახმეტის მუნიციპალიტეტში.

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაუდგენელმა პირებმა, 2019 წლის ნოემბერში, ორ გვარს შორის, სოფელ საკობიანოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს.

ოჯახში რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, თუმცა, ყველა მათგანი უვნებელი გადარჩა.

ქავთარაშვილების სახლში პოლიცია იყო მობილიზებული და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მურად ქავთარაშვილი 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან, გვარებს შორის დაპირისპირების საქმესთან დაკავშირებული პირია, რასაც 37 წლის ვისო მუთოშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავად ქავთარაშვილი კი, ფეხში დაიჭრა.

საქმეზე ორი პირია დაკავებული და სასამართლო პროცესები დღემდე მიმდინარეობს.

დაპირისპირებაში მონაწილე, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების გვარების, ქისტური ადათის მიხედვით შერიგებას, ხეობაში ჩასული მუსულმანური სამყაროს ავტორიტეტული წარმომადგენლები, დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.

უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი შურისძიებას, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.