თელავში ელექტროენერგიაზე გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ გადასახადზე საუბრობს.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე თვეა მათ სამმაგი გადასახადის გადახდა უწევთ. ისინი კომპანიას საკითხით დაინტერესებას და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მცხოვრები თამარ მესხიშვილი აცხადებს, რომ მრიცხველის დაზიანების გამო მათ გასამმაგებული გადასახადის გადახდა მოუწიათ.
,,სოფელ ლეჩურში ბებო და პაპა გვყავს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან. ენერგო–პროჯორჯიას წარმომადგენლები მიდიოდნენ სახლში და თავისთვის წერდნენ თანხას ზეპირად. სამი თვის მერე კი მოვიდა 70 ლარი გადასახადი. გარდა ამისა, მეორე სახლში, სადაც ეკონომიურად ვხარჯავთ დენს, იანვრის თვეში, როცა სახლში ვიყავით 23 ლარი გვქონდა გადასახადი, ახლა კი 33 ლარია მოსული’’,– განუცხადა knews.ge-ს თამარ მესხიშვილმა.
მსგავს პრობლემაზე თელავში მცხოვრები მაია მესხიშვილიც საუბრობს.
მისი თქმით, გაზრდილი გადასახადის შესახებ ინფორმაციის მოძიებას კომპანიაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
,,აბონენტები ვერ ვამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს. საქმე ეხება იმას, რომ მაისის ბოლოს ჩვენი მრცხველი გაჩერდა და რამდენიმე თვეში დიდი გადასახადი მოვიდა. როცა ვეცადე სიტუაციაში გარკვევას, პასუხი ვერ მივიღე. რადგან მრიცხველმა ცოტა დაწერა, კომპანიამ გადაწყვიტა რომ დაზიანებული იყო. ვეცადე იმის ახსნა, რომ კარანტინის პერიოდში არ ვიმყოფებოდი სახლში და ამიტომ დაწერა ცოტა თანხა. რაც აპრილში გადავიხადე იმას მახდევინებენ ახლაც” ’– განაცხადა მაია მესხიშვილმა.
ხელოვნურად გაზრდილ გადასახადზე საუბრობს თელავში მცხოვრები მაკა რაიბული.
მისი თქმით, ისინი ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს 35 ლარამდე იხდიდნენ და ახლა 90 ლარის გადახდა უწევთ.
,,კარანტინის პერიოდში სახლში ვიყავით და 35 ლარამდე ვიხდიდით ელექტროენერგიის გადასახადს. ახლა გასულები ვართ სახლიდან და 90 ლარამდე მოვიდა გადასახდელი. ასევე დენის ცვალებადობის გამო ტექნიკა მიფუჭდება და როცა დაწესებულებაში მივდივართ, პასუხს არ გვეუბნებიან. მსგავსი პრობლემა ჩემს გარშემო სხვებსაც აქვთ’’,– განუცხადა Knews.ge-ს მაკა რაიბულმა.
ენერგო– პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი განმარტავს, რომ ელექტროენერგიის გადასახადი მომატებული არ არის.
მისივე თქმით, თუ აბონენტს რაიმე სახის პრობლემა აქვს, უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე ან განცხადებით მიმართოს კომპანიას.
,,ელექტროენერგიის გადასახადი მომატებული არ არის. კონკრეტულ აბონენტს თუ რამეში ეჭვი ეპარება, შეუძლია განცხადებით მომართოს კომპანიას ან დარეკოს ცხელ ხაზზე. კონკრეტული აბონენტის საკითხს კომპანია განიხილავს და მიუდგება ინდივიდუალურად.
იმ შემთხვევაში თუ მრიცხველი მწყობრიდან არის გამოსული, კომპანია ხელმძღვანელობს ,,სემეკის’’ შესაბამისი დადგენილებით. ამ დროს ხდება მრიცხველის მოხნა და ახლის დაყენება . იმ პერიოდში რა დროსაც იყო გამოსული მწყობრიდან მრიცხველი და თანხა არ დაწერა, აბონენტს უანგარიშდება წინა წლის იგივე პერიოდის შესაბამისი თანხა თვეების მოხმარების მიხედვით’’,– განუცხადა knews.ge-ს ავთო დვალიშვილმა.