თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა
თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, თუშეთში არსებულმა სასტუმროებმა წინასწარ გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეგულაციები და ვიზიტორთა მიღება დაიწყეს.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები, სათავგადასავლო და გასტროტურები, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც თუშეთში ჩასულ ტურისტებს სთავაზობს ეს უნიკალური კუთხე, თავისი თვითმყოფადობით, ავთენტური და განუმეორებელი ბუნებით.
მისივე თქმით, მთავრობას დაწყებული აქვს მუშაობა თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე, რომლის კონტურები უკვე არსებობს და ეს პროექტი რეალიზებული გახდება.
,,ყველაზე მთავარი სიმდიდრე რაც თუშეთს გააჩნია ეს არის განუმეორებელი ბუნება. ასევე აქ არის ბევრი საინტერესო სასტუმრო, ჰოსტელი და საოჯახო სასტუმრო. რაც ყველაზე მთავარია მთავრობასთან ვმუშაობთ იმაზე, რომ თუშეთთან გაჩნდეს საბაგირო მიმოსვლა’’,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ბაკურიძე განმარტავს, რომ გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, საზღვარგარეთიდან ჯავშნები გაუქმდა და ძირითადად ქართველი ან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ თუშეთს.
,,მიმდინარე წელს, 600-მდე ვიზიტორმა უკვე მოინახულა თუშეთი, აქედან უცხოელი ტურისტი მხოლოდ რამდენიმე ათეულია’’,– განაცხადა გიორგი ბაკურიძემ.