თელავის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოეყოფა
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოეყოფა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების სახურავებს სრულად და ნაწილობრივ გამოცვლიან.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.
კახეთში, სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტები დაზარალდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტში ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პარალელურად, საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ჯამში, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი და ქალაქი თელავი დააზარალა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე აწარმოებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღწერას. კომიისის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200-ზე მეტი დაზიანებული საცხოვრებელი სახლია აღწერილი.