ქარმა თელავსა და ყვარელში 112 სახლი დააზიანა, განადგურებულია 4 000 ჰექტრამდე ვენახი
ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ კახეთის მუნიციპალიტეტები თელავი და ყვარელი დააზარალა.
ამ დროის მონაცემებით მუნიციპალიტეტების 20 სოფელში 4 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის ძირითადად ვენახის ფართობებია დასეტყვილი.
აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გამართა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მუშაობდა და 130–მდე სარაკეტო გასროლა განხორციელდა, თუმცა მან ძლიერი ქარიშხალის გამო ეფექტურად ვერ იმუშავა.
,,სტიქიის გამო თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის 20-ზე მეტ სოფელში დაფიქსირებულია 4 000 ჰექტრამდე დასეტყვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის ძირითადად ვენახის ფართობები. დაზიანების ხარისხი თელავის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში 10%-დან-100%-მდეა, ხოლო ყვარელში – 30%-იდან 80%-მდე. გარდა ამისა, ქარიშხალმა თელავში გამოიწვია ელექტროენერგიის ხაზების, საცხოვრებელი სახლების და საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
გუშინდელი ღამიდან ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იყო გასული და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობდა. ამ დროისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული 112 სახლია იდენტიფიცირებული.
ჩატარებულია აზომვითი სამუშაოები და დადგენილია საჭიროება. დარჩენილია 50 სახლი, რომლის აზომვითი სამუშაოებიც დღის ბოლომდე განხორციელდება.
ყველა სახლის აზომვის შემდეგ სახელმწიფო დაეხმარება დაზარალებულებს და მოხდება სახლების გადახურვა. როცა სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და ზარალის დათვლა დასრულდება, ჩვენ მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა შესაბამისი დაფინანსება იყოს გამოყოფილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად’’,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ დროსთვის სამუშაო ჯგუფების მიერ, ასევე ორივე მუნიციპალიტეტში კვლავ მიმდინარეობს დასეტყვილი ფართობების აღრიცხვა.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, რეგიონში წარმოდგენილ ყველა სადაზღვევო კომპანიაში დილიდანვე დაწყებულია აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მიმართვიანობა.
,,სახელმწიფო ეფექტურ სადაზღვევო პოლიტიკას ახორციელებს და იმ პირებზე ვისაც დაზღვეული ჰქონდა მოსავალი ანაზღაურება იქნება გაცემული. ვთხოვთ კომპანიებს, რომ ოპერატიულად იმოქმედონ. სტიქიის დადგომიდან 24 საათში დაზარალებულმა ბენეფიციარმა კი უნდა დააფიქსირონ ინფორმაცია ზარალის შესახებ, რის შემდგომაც სამუშაო ჯგუფები გავლენ სავარგულებზე’’,– განაცხადა ქადაგიშვილმა.
წინასწარი ოპერატიული ინფორმაციით თელავში ამ დროისთვის დაზიანებები დაფიქსირებულია სავარაუდოდ 3 330 ჰექტარზე (ნაფარეული-400ჰა, ართანა-350ჰა, სანიორე-400ჰა, კონდოლი-300ჰა, ჯუღაანი-40ჰა, აკურა-100ჰა, ვანთა-100ჰა, ბუშეტი-80ჰა, ხოდაშენი-200ჰა, წინანდალი-300ჰა, კისისხევი-50ჰა, ნასამხრალი- 60ჰა, შალაური100ჰა, კურდღელაური-400ჰა, გულგულა-200ჰა, ვარდისუბანი-250ჰა) მეტი დასეტყვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ვენახები.
ყვარელში კი ამ დროისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაფიქსირებულია სავარაუდოდ 590 ჰექტარზე მეტია (შაქრიანი-100ჰა, გრემი-40ჰა, კუჭატანის თემი-220ჰა, ქ. ყვარლის მიმდებარე ტერიტორიები-100ჰა, გავაზი -80ჰა, ალმატი-50ჰა) დასეტყვილი.