ახალი ამბები

სტიქიამ თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

ძლიერი ქარისა და სტიქიის შედეგად, გურჯაანი – თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ხე წაიქცა.

შემთხვევა ბარჯისხევის მონაკვეთზე მოხდა, რის გამოც, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული იყო.

წაქცეულ ხეს ფორდის მარკის სატვირთო შეეჯახა, რომლის მგზავრებმაც გადმოსვლა დროულად მოახერხეს.

პოლიციის მისვლამდე გზის გათავისუფლება მძღოლებმა საკუთარი ძალებით შეძლეს.

ძლიერი ქარის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.

სეტყვამ კი სოფელი ნაფარეული დააზარალა.

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე რამდენიმე ხეა წაქცეული.

სტიქიისგან შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი ქადაგიშვილი.