გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმის რაოდენობა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით განისაზღვრება
მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში, რომლის თანახმადაც, ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისთვის სანქციები იზრდება.
კერძოდ, საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან 2 კგ-მდე ნაგვით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმის რაოდენობა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით განისაზღვრება. 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამოიწვევს – მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ნაცვლად 250 ლარის ოდენობით.
სიახლის მიხედვით ასევე 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით კი – 500 ლარის ნაცვლად 2 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა 500 ლარით დაჯარიმდება.
2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150 ლარიანი ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა; 1 მ 3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით – 3000 ლარით. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა – ფიზიკურ პირს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 6000 ლარის ოდენობით.
ცვლილებების თანახმად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებული იქნება შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა.
მარიამ ოქროცვარიძე