ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ თელავის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება
ოჯახურ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება.
შესაბამისი პროცედურა, მიხეილ გრემელაშვილისათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, საკრებულოს აპარატმა უკვე დაიწყო.
აპარატის უფროსის, ტარიელ გალახვარიძის ინფორმაციით, შესაბამისი ინფორმაცია პროკურატურიდან უკვე გამოთხოვილია.
,,ჩვენ უკვე მივმართეთ პროკურატურას, მოგვაწოდოს ინფორმაცია, აღკვეთის რა ღონისძიებაა გამოყენებული. ვიცით, რომ ეს არის პატიმრობა, ამიტომ საკრებულო ცნობად მიიღებს და მიხეილ გრემელაშვილს უფლებამოსილებას შეუჩერებს.
ჩვენ კენჭისყრის უფლებაც კი არ გვაქვს, რადგან ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი შევა ძალაში, მაშინ უკვე უფლებამოსილებას შევუწყვეტთ”,–განაცხადა გალახვარიძემ.
აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა, საკრებულოს წევრს, თელავის რაიონულმა სასამართლომ 11 ივლისს შეუფარდა.
მიხეილ გრემელაშვილს გამოძიება ოჯახურ ძალადობას, იარაღის გამოყენებით მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვას ედავება.