სოფელ ჩუმლაყში გამოკვლეულ 103 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეპიდკვლევა და მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი კანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყში მდებარე ბაზის ტერიტორიაზე აღებული იქნა 103 ნიმუში და ყველა უარყოფითია.
ჩუმლაყში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში ერთ- ერთ სამაცივრე მეურნეობაში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და ეპიდემიოლოგები სამაცივრე მეურნეობაში რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ადგილობრივებს შესაბამის ტესტირებას უტარებენ.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტირება როგორც კოვიდ ინფექციაზე, ასევე C ჰეპატიტზეც ჩაუტარდებათ.
,,ვატარებთ გაფართოებულ ტესტირებას, იმისათვის, რომ რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. დაახლოებით ოთხას ადამიანს ავუღებთ ნიმუშს”,–განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსი სოფელ ჩუმლაყში მყოფ მამაკაცს დაუდასტურდა.
ინფიცირებული პირი, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან საქართველოში 29 ივნისს ატმის შესაძენად ჩამოვიდა.
მას ინფექცია მხოლოდ მეოთხედ ჩატარებულმა კვლევამ დაუდასტურა. ახალგაზრდა მამაკაცს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.