თელავში ღია ფიტნეს სივრცე გაიხსნა
კორონავირუსისა და მასთან დაკავშირებული დახურული სავარჯიშო დარბაზების მუშაობის შეზღუდვების გამო, თელავში ადგილობრივებმა ღია ფიტნეს სივრცე გახსნეს.
როგორც ფიტნეს სივრცის დამფუძნებლები აცხადებენ, ვარჯიშები მხოლოდ მწვრთნელთან ერთად, კვირაში სამი დღე ჩატარდება.
მათივე თქმით, ფიტნეს სივრცე აღჭურვილია სხვადასხვა სახის თანამედროვე სპორტული ინვენტარით, ასევე გასახდელებითა და ინდივიდუალური საშხაპეებით. ტერიტორიას აქვს პარკირება და სავარჯიშო სივრცეში მაქსიმალურად დაცულია კორონავირუსთან დაკავშირებული მოთხოვნები.
,,ფიტნეს სივრცე ტერიტორიულად კავკასიონის ქუჩაზე მდებარეობს. იდეაში ეს შეიქმნა ჩვენი სპორტსმენებისთვის, რომ მათ ევარჯიშათ უფასოდ. მერია გვაფინანსებს და ეს მნიშვნელოვანია. ვარჯიშისთვის წელიწადში 7 000 ლარი ფიტნეს კლუბებში მიდიოდა რომ გვევარჯიშა და ახლა ეს თანხა დაგვეზოგება.
სივრცე ყველანაირად არის მოწყობილი. გვაქვს გასახდელები და იმ შემთხვევაში თუ ვარჯიშის მერე ჯგუფი ამ სივრცით ისარგებლებს და შემდეგ სხვა უნდა შევიდეს, ხდება დეზიფექციის ჩატარება. ასევე სპეციალური ხსნარით იწმინდება ყველა სახის ინვენტარი. გვაქვს 4 გასახდელი, რომელიც არის 27 ადამიანზე გათვლილი თავისი საშხაპეებით.
მსგავს დაწესებულებებში, ქალისა და კაცის ვარჯიშისთვის სივრცე გამიჯნულია, თუმცა ჩვენთან სხვა სიტუაციაა. ვიზიტორებს ავარჯიშებს მწვრთნელი და ყველა ერთდროულად იწყებს და ამთავრებს ვარჯიშს.
გარდა სპორტსმენთა ჯგუფებისა, რომლებიც გარკვეული დღეების განმავლობაში ვარჯიშობენ, აქ ნებისმიერს შეუილია მოსვლა. რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობთ მისაღებია. ეს გათვლილია ისეთ ადამიანებზე, ვისაც მართლა უნდა ვარჯიში. ჯგუფი უნდა იყოს 5–დან 12 კაცამდე და ერთი ჯგუფისთვის თვეში გადასახადი საღამოს და დილის ვარჯიშზე 100 ლარია, ხოლო შუადღის საათებში 50 ლარი’’,– განუცხადა Knews.ge–ს ფიტნეს კლუბის წარმომადგენელმა თენგო ცისკარიშვილმა.
მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ თითოეული პირის თერმოსკრინინგს, სამომავლოდ კი გეგმავენ სივრცის გადახურვას და გასაგრილებელი სისტემის მონტაჟს.