კახეთში 183 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში არცერთი პირი არ იმყოფება, სამ საკარანტინე სივრცეში კი განთავსებულია 106 მოქალაქე.
,,გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან 183 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა. ერთი თვის განმავლობაში რეგიონში შემოწმებას 9000-მდე მოქალაქე გაივლის.
რაც შეეხება სოფელ ყარაჯლის შემთხვევას, გამოვლინდა ყველა კონტაქტი, რომელთა ნაწილი გადაიყვანეს საკარანტინე ზონებში, ნაწილი კი – თვითიზოლაციაში. შემთხვევიდან უკვე გასულია ორკვირიანი ვადა, თუმცა არცერთ მათგანთან კორონავირუსის არსებობა არ დადასტურდა”,– აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში.