მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწიეთ– 1797 წელს მეფე ერეკლე II-ის ბრძანება თელაველებისთვის
„ნურავის გაეგლეჯინებით“, – მეფე ერეკლე II-ის ბრძანება თელაველი თავადიშვილებისა და სრულიად თელაველებისადმი მათი ქონების მძარცველებისგან დაცვის შესახებ. მეფის გამოცემული ბრძანება, რომელიც საქართველოს ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა, 1797 წლის 24 ივლისით თარიღდება.
მეფე ბრძანებით ავალებს მოსახლეობას, მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწიონ:
„ერთობით თელაველნო. ამას წინათ ათ-ათი, თორმეტი ოქმი სხვა მიგვიცია თქვენთვის ამ საქმეზედა და ახლაც ამას გიბძანებთ, რომელმაც თქვენს ვენახზე, თქვენს მინდორზე, თქვენს ქერზე, პურზე, ბოსტანზე და ამგვარებზე ძალი მოინდომოს, შეიყრებოდეთ, დახვდებოდეთ, გალახავდეთ და ჩოხის სარტყელს და ქუდსაც წაართმევდეთ;
ნურავის გაეგლეჯინებით, თორემ თუ ამაზე კიდევ თქვენ ჩვენთან მოჩივარნი გნახეთ: თქვენს თავადისშვილებს ათ ათს თუმანს წაგართმევთ, თუნდ ჩვენი ყულიხში (მცველი) იყოს, თუნდ დედოფლისა, ნურას გზით ნუ შეარჩენთ“,– წერია მეფის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.