ახალი ამბები

ფერმერების მიერ დაუდევრობით გაჩენილი ხანძრები კახეთში

ყოველ წელს შირაქის და ალაზნის ველები ფერმერების დაუდევრობით ცეცხლის ალში ეხვევა. მიწის გასუფთავების მიზნით განგებ გაჩენილი ხანძარი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე მეტ მიწას აზიანებს.

სპეციალისტების თქმით, აღნიშნული უარყოფითი პრაქტიკა აზიანებს როგორც მიწას, ასევე ქარსაფარ ზოლებსა და ანადგურებს ფრინველებს.

მათივე განცხადებით მიწის გასუფთავების მიზნით ანთებულ ცეცხლს ფერმერები ვეღარ აკონტროლებენ, რის გამოც ნადგურდება ქარსაფარი ზოლები, იხოცება გარეული ცხოველი და ფრინველი.

,,პრობლემა ზოგადად დგას კახეთში. განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე სადაც ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურების მოყვანა ხდება. ფერმერები ნამჯის გადაწვის მიზნით აჩენენ ცეცხლს. ეს დაუშვებელია, რადგან ვერ ხდება ცეცხლის გაკონტროლება და ხანძარი ფართო მასშტაბს იღებს.
გარდა ამისა, ასევე გლეხი თავის საკუთრებასაც აყენებენ ზიანს. გადაწვის დროს ხდება ნიადაგის სტრუქტურის დაშლა. ნამჯა უნდა შეგროვდეს და გამოტანილი იქნეს ადგილიდან, ან უნდა ჩავიდეს მიწაში რადგან ის ორგანული სასუქია და მოსავლისთვის კარგია.
აღნიშნული პრაქტიკა სამწუხაროდ კომუნისტების დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება.

ამას შემდეგ ბევრი პრობლემა მოსდევს. გასულ წლებში ამ ფაქტს დედოფლისწყაროსა და სიღნაღში საძოვრების გადაწვაც მოყვა. გარდა ამისა, მცირედ შემორჩენილი ქარსაფარი ზოლებიც იწვება და ეს ძალიან ცუდია’’,– განუცხადა knews.ge-ს ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა.

მისი განცხადებით, იმის თაობაზე თუ რა შედეგებს იწვევს მიწის გადაწვაა ფერმერების უმეტესობა ინფორმაციას არ ფლობს.