ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, რომელიც 25 ივლისამდე გაგრძელდება.
კახეთში დილიდან 1 საგამოცდო ცენტრი მუშაობს, რომელიც თელავში, მერვე საჯარო სკოლაშია განთავსებული.
თელავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნუნუ ასანაშვილის ინფორმაციით, აბიტურიენტები, საგამოცდო ცენტრში მოწყობილ სექტორებში, ყველა რეგულაციის დაცვით განთავსდნენ.
„დილით დავიწყეთ რეგისტრაცია. ყველა რეგულაცია დაცულია, აბიტურიენტებს განმარტებები მივეცით, ყველა წესი ავუხსენით. დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. ზუსტად 9 საათზე, გამოცდის ზარი დაირეკა“ – განაცხადა ასანაშვილმა.
საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი, დაიგვიანა ორმა და მაღალი სიცხის გამო არ დაიშვა ორი აბიტურიენტი.
გამოცდებისათვის აბიტურიენტების რეგისტრირებულთა რაოდენობა 39 300-ზე მეტს შეადგენს.