ახალი ამბები

ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლონ.

„ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 მლნ ლარისა იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი.

ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 მილიონი ლარისა განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12%-ის ოდენობით. თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.

კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.