კომპანია ,,ყვარლის სარდაფი” ყვარელში 1 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს
“საქართველოს ბანკის” ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის მიზნით ინვესტიცია განახორციელა.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს იტალიური ნერგების ჩამოტანას და გაშენებას 20 ჰექტარზე.
მათივე თქმით, საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე, სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ, ქინძმარაულის მიკრო ზონაში მდებარეობს.
,,კომპანია ევროპული სტანდარტების შესაბამის, მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. კომპანიის წარმოებული ღვინოები იყიდება ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში. კომპანია აქტიურ დამატებით მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში რეალიზაციასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციამ 2007 წლიდან დღემდე გაიარა განვითარების გრძელი და რთული გზა. გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, ღვინოს დაემატა კონიაკისა და არყის წარმოება და 100 000 ბოთლის ნაცვლად დღეს უკვე გაყიდვებმა 4-დან 5-მილიონ ბოთლამდე შეადგინა.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს იტალიური ნერგების ჩამოტანას და გაშენებას 20 ჰექტარზე, დამატებით ხდება ჭაბურღილის მომზადება იტალიური წვეთოვანი სისტემის მოსაწყობად და გვალვისგან დასაცავად. ასევე ხორციელდება ტექნიკის შესყიდვა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 500 000 ლარია.
ვენახის გაშენების პროცესში და შემდგომ აგროტექნიკურ მოვლით სამუშაოებში სხვადასხვა ეტაპზე ჯამში 100 ადამიანზე მეტი დასაქმდება. კომპანია მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში პოპულარიზაციას გეგმავს”,– აცხადებენ კომპანიაში.
“საქართველოს ბანკის” კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელის, ზურაბ ქოქოსაძეს თქმით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია და მნიშვნელოვანია სექტორის წახალისება.
,,კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსება მოხმარდა ვენახის ავტომატიზირებულ, თანამედროვე სისტემებით აღჭურვას. პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას, უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვის ზრდას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ.