ახალი ამბები

 ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები პირბადის მოხსნას შეძლებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდები კახეთის მასშტაბით ერთ საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საგამოცდო ცენტრი მხოლოდ ქალაქ თელავში ამოქმედდება.

მათივე განმარტებით, გამოცდები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით წარიმართება და გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%–ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში კი წელს 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აბიტურიენტები პირბადით უნდა გამოცხადდნენ საგამოცდო სივრცეში, რომელიც იქნება უზრუნველყოფილ დეზობარიერით, გამოცდის პერიოდში ისინი შეძლებენ პირბადის მოხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული.

,,საგამოცდო ცენტრებში ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს”,– აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მარიამ ოქროცვარიძე