ახალი ამბები

,,ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები” საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად ,,ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების” ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში 300 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, გაფორმებული ხელშეკრულება, საველე პატრულირების დროს რეინჯერების კვებით უზრუნველყოფას, თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი მოტივაციის ამაღლებას, მათ შორის, სახელფასო დანამატების გაცემას ითვალისწინებს.

„კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს და დიდი წვლილი შეაქვს არა მარტო თანამშრომლების მუშაობის მოტივაციის ამაღლებაში, არამედ დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 1912 წელს დაარსდა და პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიის რეგიონში,“ – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.