ახალი ამბებიგზა ევროპისკენვიდეორეპორტაჟიღია სტუდია

რა პროექტებს ახორციელებს ევროკავშირი კახეთში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა თელავში, ყვარლსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები მოინახულა.

კარლ ჰარცელი ვიზიტის ფარგლებში თელავში სმენისა და მეტყველების სახლს ესტუმრა, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

მან მიმდინარე პროექტის და სერვისების შესახებ მიიღო ინფორმაცია და ცენტრის ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად მუსიკის გაკვეთილს დაესწრო, მათთან ერთად მიიღო აქტივობაში მონაწილეობა.

 

მისი განმარტებით, „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ არის ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებული პროექტი (რომელსაც ახორციელებს ARBEITER-SAMARITER-BUND DEUTSCHLAND – ASB), და რომლის ღირებულება 400,000 ევროს შეადგენს. მისივე თქმით პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერა.

,,ცენტრი ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენ გავავრძელებთ ასეთი ტიპის პროექტების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, ადამიანებს, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ ჰქონდეთ შანსი მიიღონ სერვისი და დახმარება, განსაკუთრებით პანდემიის დროს როცა ისინი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან’’,– განაცხადა კარლ ჰარცელმა.

თელავში „სმენის და მეტყველების სახლი“ მაია ხუციშვილმა დააარსა. მისი ქალიშვილი სმენის პრობლემებით დაიბადა და მას არ ჰქონდა შესაბამისი სერვისების მიღების შესაძლებლობა. მეტყველება მხოლოდ 6 წლიდან დაიწყო.

საკუთარი ქალიშვილის ისტორიით შთაგონებულმა, მაიამ გადაწყვიტა შეექმნა ცენტრი, რომელიც ანალოგიური პრობლემების მქონე სხვა ბავშვებს დაეხმარებოდა. ამჟამად ცენტრი წარმატებით მუშაობს თელავში და ათობით ადგილობრივ ბავშვს ემსახურება.

,,2019 წელს ევროკავშირის დაფინანსებით დავიწყეთ პროექტი და ASB დაგვეხმარა, რომ ასეთი ცენტრი ყოფილიყო კახეთში. რეგიონში არ არის ხელმისაწვდომი სერვისები და ეს უფრო გვაძლიერებდა ხარისხიანი ყოფილიყო ჩვენი სერვისი. ამჟამად გვყავს 38 ბენეფიციარი, 11 იმპლანტირებული და დაანაჩენი სმენის და მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვი’’,– განაცხადა მაია ხუციშვილმა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კარლ ჰარცელმა ენერგოეფექტურობის მიმდინარე პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მოინახულა.

მისი განმარტებით, პროექტი „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებები“ დაფინანსდა ევროკავშირის “მერების შეთანხმების“ სადემონსტრაციო პროექტების ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით.

პროექტი ითვალისწინებს იყალთოს და თელავის #1 საბავშვო ბაღების სრულ თერმო-მოდერნიზაციასა და აღჭურვას თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, განახლებადი ენერგიის გამოყენებით.

,, რეგიონს გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი. რაც შეეხება ამ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ენერგოეფექტურობას, ტრაქტორების საშუალებით შესაძლებელი იქნება საწვავის შეგროვება, რომელიც ზამთრის განმავლობაში გაათბობს ბაღებს. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულბით პარტნიორებთან ერთად. ეს არის პატარა, მაგრამ მნიშვნელობვანი პროექტი. კახეთში ბერვი ვენახია და ამის გამოყენებით იქნება გათბობა უზრუნველყოფილი. რაც ენერგომოხმარების კარგი ეკონომია იქნება’’– განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი ინოვაციურია რადგან, მის ფარგლებში დაინერგება სხვადასხვას ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და საბავშვო ბაღების გათბობა ბიომასით, კერძოდ კი ვენახის ნასხლავით (წალმით).

,,ზამთრის პერიოდში იყალთოს საბავშვო ბაღის მხოლოდ 40% თბებოდა. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მოხდება საბავშვო ბაღის 100%-ის გათბობა, ხოლო გათბობის ხარჯი შემცირდება 60%-ით. ვენახის ნასხლავით საბავშვო ბაღების გათბობა ხელს შეუწყობს წელიწადში 496,000 კილოვატამდე ენერგიის დაზოგვას და 170 ტონაზე მეტი CO2-ს გაფრქვევის შემცირებას. ეს პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან თელავის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის „მერების შეთანხმების“ ხელმომწერია, რომლითაც აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2030 წლამდე მუნიციპალიტეტის ფარგლებში 30%-ით შეამციროს CO2-ს გაფრქვევა. პროექტი გავიდა მესამე ადგილზე ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდო 2020-ის კონკურსში’’,– განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

 

კარლ ჰარცელი ვიზიტის ფარგლებში თელავში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.  შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის” ოფისში გაიმართა.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ანტიდასავლური პროპაგანდის დაძლევა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ პროცესში ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე.

,,ევროკავშირს უყვარს არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ მათ ხშირად ვეკითხებით რჩევას, თუ რაზე უნდა იყოს მიმართული ყურადღება დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციების. ასევე ისინი გამოდიან მონიტორები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ სხვადასხვა პროცესებს. მათ ზუსტად იციან რა გამოწვევები და პრობლემები არსებობს ადგილობრივ დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნდეს მდგრადობა. შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ თუ როგორ დავძლიოთ ანტიდასავლური პროპაგანდა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა’’,– განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კახეთის რეგიონული ჰაბის დირექტორის, მაია მამულაშვილის განმარტებით, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ საქმიანობას რეგიონული ჰაბების ქსელის საშუალებით ახორციელებს და პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ.

მისივე თქმით, ინიციატივა ხელს უწყობს საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას და მათ წვდომას დაფინანსების სხვადასხვა წყაროებზე, მათ შორის სახელმწიფო და კერძო სექტორის კორპორატიული პასუხისმგებლობით გათვალისწინებული დაფინანსების მექანიზმებზე.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ის დახმარება რომელსაც ევროკავშირი უწევს ადგილობრივ სამოქალაქო სექტორს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ხდება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ჩვენ როგორც რეგიონული ჰაბი, რომელიც 2 წლის განმავლობაში მხარს ვუჭერთ ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობთ ევროკავშირისგან. იმედია იქნება შესაძლებლობა მეტი მხარდაჭერა მიიღონ რეგიონში არსებულმა ლაგებმა, ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება და ეკონომიკა’’,– განაცხადა მაია მამულაშვილმა.

კარლ ჰარცელი ასევე „მეღვინეობა შილდას“ სტუმრობდა. მან ენერგოეფექტური სტანდარტით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერა.

კომპანიის საოპერაციო დირექორის ვახტანგ ჯიშკარიანის ინფორმაციით, ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით მდგრადი ენერგიის ჯილდოს გამარჯვებული ქართული ენერგოეფექტური კომპანია „მეღვინეობა შილდა“ გახდა.

,,მეღვინეობა „შილდა“ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში უკვე ხუთი წელია ოპერირებს. ქარხანა ყოველ სეზონზე 2000 ტონა ყურძენს იბარებს და წელიწადში 25 სახეობის დაახლოებით 1,4 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. კომპანიამ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვის შედეგად ერთეულ წარმოებულ პროდუქციაზე ელექტროენერგიის მოხმარება 50-60%-ით შეამცირა. შედეგად – წელიწადში 63 ათასი ევროს (72 ათასი აშშ. დოლარის) დაზოგვა შეძლო. კომპანია აცხადებს, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება დადებითად აისახა ღვინის ხარისხსა და გარემოზე. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამა „ენერგოკრედიტის“ ფარგლებში კომპანიამ კომერციული ბანკისგან სესხი მიიღო, რათა ენერგოეფექტური ტექნიკა შეეძინა. შეძენილი გადამამუშავებელი, შემნახველი, სიცივით დამუშავებისა და სხვა სახის დანადგარები (ტექნიკის 80%) „ენერგოკრედიტის“ ექსპერტებმა ენერგოეფექტურად მიიჩნიეს’’,– განაცხადა ვახტანგ ჯიშკარიანმა.

ევროკავშირის მიერ განხორცილებული პროექტების გასაცნობად ელჩმა ასევე მოინახულა ყვარლის ორი მცირე და საშუალო ზომის საწარმო, რომლებმაც ბიზნესის საწარმოებლად დახმარება მიიღეს. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 160-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, ხოლო ყოველწლიურად გაწეული დახმარების მოცულობა 350 მილიონ ლარს აღემატება.

ავტორები: მაკა ხაზიური, თორნიკე ხალხელაური