სოფელ ყარაჯალაში გამოვლენილი კოვიდინფიცირებული ქალის სიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 63 წლის ქალის სიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, უკვე გადაყვანილია სამკურნალოდ, ერთ- ერთ კლინიკაში და მას ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
მისივე თქმით, 40 წლამდე კაცს თელავის ერთ-ერთ საკარანტინო სივრციდან თბილისში გადაიყვანეს.
,,გუშინვე ავუღეთ ბიოლოგიური მასალა, ქალბატონის სამ კონტაქტს და მის სიძეს ვირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ ვინ არის პირველწყარო და ვის ვისგან გადაედო.
ამ ყველაფერს ვიკვლევთ. ისინი კახეთში ჩამოვიდნენ საკუთარი ავტომანქანით და კონტაქტები არ ჰქონიათ, თუმცა, ჩვენ სოფელში, ეპიდემიოლოგიურ კვლევას მაინც ვატარებთ. ასევე ტესტირება ჩაუტარდა ოთხ მედიკოსს, რომლებსაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ და პასუხი უარყოფითია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, 63 წლის ქალს, კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ის პნევმონიითა და სუნთქვის გაძნელებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მედიკოსებმა კარანტინში გადაიყვანეს ინფიცირებულის ქალიშვილი და შვილიშვილი, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. სპეციალისტების განმარტებით, კოვიდინფიცირების ეს შემთხვევები, თბილისს უკავშირდება და ის კახეთში გამოვლენილად არ ითვლება.