სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრი“ პირველ სტუმრებს 2021 წლის დასაწყისში მიიღებს
თელავში, სოფელ შალაურში მშენებარე სასტუმრო „ქვევრი“ პირველ სტუმრებს 2021 წლის დასაწყისში მიიღებს.
სასტუმრო, რომლის ნომრებსაც ქვევრის ფორმა ექნებათ ამჟამად მშენებლობის პროცესშია. ერთ თვეში კი ნომრებისა და ინტერიერის მოწყობის ეტაპი დაიწყება.
სასტუმროს კოპლექსი თხუთმეტნომრიან მთავარ შენობასა და ქვევრის ფორმის ოც კოტეჯს აერთიანებს.
შპს. „ქვევრის“ დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი განმარტავს, რომ სასტუმრო მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა აქტიურობა დამოკიდებულია მომავალი წლის ტურისტულ სეზონსა და ეპიდსიტუაციაზე.
გიორგი კლდიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე აშენებულია ქვევრის ფორმის სამი კოტეჯი და აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო 2019 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა სამუშაოები 2020 წლის იანვარში დაიწყო, ამის მიზეზი კი ბანკიდან სესხის აღების პროცედურების გახანგრძლივება იყო.
,,ბანკთან მოლაპარაკებების პროცესმა გააჭინაურა პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ჩვენ ავიღეთ 2 მილიონი ლარის სესხი, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტის – „უმასპინძლე საქართველოში“ პროცენტის თანადაფინანსებით არის უზრუნველყოფილი. ასევე დაახლოებით 1 მილიონი ლარი იქნება დამატებით კიდევ ჩვენი ინვესტიცია. საწყის ეტაპზე გვექნება 20 ქვევრი და მთავარ შენობაში 9 ნომერი.
ასევე სამომავლოდ ვგეგმავთ ერთი დიდი შენობის აშენებას სადაც იქნება დაახლოებით 25 ნომერი.
პირველ ეტაპზე იქნება რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ბარი, სპა და აუზი. თითოეულ ქვევრ-ოთახს კი ექნება ღვინის დასახელება, სასტუმროს გვერდით გაშენდება ვენახი”,– განუცხადა knews.ge-ს გიორგი კლდიაშვილმა.
სამუშაოებს კომპანია “ქვევრი” ახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.