რამდენად მომზადებული შეხვდა შიდა ტურიზმს ბიზნესი კახეთში
15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა და საოჯახო სასტუმროებს, აგროტურისტულ ცენტრებს, მარნებს და სხვა დაწესებულებებს, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ადგილობრივი ტურისტების მიღების შესაძლებლობა მიეცათ.
რეგიონებში მოქმედი საოჯახო ბიზნესის და ტურისტული ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ ისინი სეზონს მოუმზადებლები შეხვდნენ.
მცირე მარნების მფლობელების თქმით კი, მათ ფუნქციონირება დროებით შეაჩერეს, რადგან ტურისტები მათი მომსახურებით არ სარგებლობენ.
,,ჩვენთვის შიდა ტურიზმი ფაქტობრივად არ გახსნილა, საქმიანობა ვერ განვაახლეთ, რადგან ტურისტები არ არიან’’,– აცხადებენ Knews.ge–სთან საუბრისას მცირე მარნების მფლობელები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოქმედ ,,ღვინის ეზო N1“ მუშაობა დროებით აქვს შეჩერებული.
აგროტურისტული ცენტრის ხელმძღვანელი თიკა დუღაშვილი განმარტებით მათი სერვისები ძირითადად უცხოელი ტურისტებისთვის არის განკუთვნილი.
,,ჩვენი ტურისტული ობიექტი ,, ღვინის ეზო N1’’ – შენი ოჯახი საქართველოში, ამ სლოგანით აერთიანებს ღვინის, ეკო, აგრო და გასტრო ტურებს. სამწუხაროდ დროებით შევაჩერეთ ფუნქციონირება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.
შიდა ტურიზმის მუშაობა ალბათ უფრო აჭარას შეეხება, იმ სასტუმროებსაც, რომლებიც გააიაფებენ სერვისებს და ვისაც აქვთ აუზი. ჩვენი სერვისები მაინც უცხოელებისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ დაველოდებით მოვლენების განვითარებას’’,– განუცხადა knews.ge–ს თიკა დუღაშვილმა.
შიდა ტურიზმს მომზადებული ხვდება ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მოქმედი ,,ნაზის საოჯახო სასტუმრო“.
სასტუმროს მფლობელი, ნაზი დაქიშვილი განმარტავს, რომ თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, მათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინეს და მუშაობა განაახლეს.
მისივე თქმით, სასტუმრო განახლებულ სერვისებს, მრავალფეროვან აქტივობებს, ტურებს და ლაშქრობებს სთავაზობს ვიზიტორებს.
,,ნაზის საოჯახო სასტუმრომ” 2020 წლის 18 ივნისს გაიარა საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება და უსაფრთხოების სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენი სასტუმრო არის პირველი პანკისის ხეობაში, რომელმაც შემოწმება გაიარა და გახსნის უფლება მიიღო.
პანდემიიდან გამომდინარე ჩვენი, სტუმრების და საზოგადოების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად მოგვიწია საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვა, რაც ბუნებრივია ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს აუცლებელი იყო.
პანდემიამდე მთელი წლის განმავლობაში გვყავდა საერთაშორისო დამსვენებლები. სასტუმრო ტურისტებს ღამისთევისა და კვების გარდა სთავაზობდა კულტურულ, საცხენოსნო , საფეხმავლო, სამთო ველო-ტურებს, კულინარიის და თექის მასტერკლასებს. ასევე დატვირთვით მუშაობდა საკონფერენციო დარბაზი, თუმცა პანდემიის გამო ვერ ვამუშავებთ. ფაქტობრივად 4 თვე ვერ ვიმუშავეთ.
რადგან 15 ივნისიდან გაიხსნა შიდა ტურიზმი და აქცენტი აღებული გვაქვს მასზე. უკვე პირველი ივლისიდან გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმიც და იმედი გვაქვს ნელ-ნელა ისევ ამუშავდება, რადგან პანკისის ხეობაში ბევრი ოჯახისთვის ტურიზმი არის ძირითადი შემოსავლის წყარო’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნაზი დაქიშვილმა.