რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
ერთიანი ეროვნული გამოცდები კახეთის მასშტაბით ერთ საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საგამოცდო ცენტრი მხოლოდ ქალაქ თელავში ამოქმედდება.
მათივე განმარტებით, გამოცდები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით წარიმართება და გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%–ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში კი წელს 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება.
რეგულაციების მიხედვით, ასევე ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით, ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება კი იქნება ორი მეტრი, ხოლო მიმდევრობით განლაგებულთა შორის ერთი მეტრი.
,,გამოცდების დროს მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული სოციალური დისტანცია, აბიტურიენტებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; მათ მითითების შემთხვევაში, უნდა დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.
კახეთის მასშტაბით იქნება მხოლოდ ერთი საგამოცდო ცენტრი, ქალაქ თელავში. ყველა სხვა რეკომენდაცია კი რჩება უცვლელი” – განუხადეს knews.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.