რუსმა მესაზღვრეებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
ადვილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 23 წლის დავით ვარდოშვილი და მისი მეზობელი, ლევან ბაწილაშვილი ყადორის მთაზე საქონელს აძოვებდნენ.
სოფელში მცხოვრებლების თქმით, ბაწილაშვილმა საფრთხე შენიშნა და გაქცევა მოასწრო, ვარდოშვილი კი ამ დრომდე დაკავებულია და დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფება.
ადგილობრივები რუსეთის მხრიდან მუდმივ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ პირების განთავისუფლების საქმეში, სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს.
აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებას ავრცელებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემისის გადმოცემასთან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
„მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ. ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინციდენტის დეტალების დასადგენად.
პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა,”– აცხადებენ უწყებაში.