ახალი ამბები

TI- მოსახლეობის 75% მიიჩნევს, რომ თვითმმართველობას მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს

მოსახლეობის უმრავლესობა (75%) მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად მეტი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს ადგილობრივ თვითმმართველობას.

აღნიშნული შედეგი აჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC).

ცენტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2 პროცენტული პუნქტია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციიდან მოქალაქეები ყველაზე მეტად ნაგვის შეგროვებითა და დასუფთავების სერვისითა არიან კმაყოფილი. დიდ უკმაყოფილებას კი გამოთქვამენ- პარკებისა და სკვერების მოწყობით, გამწვანებითა და მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარების თაობაზე.

,,მოქალაქეების დიდ უმრავლესობას მოსწონს მათ დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგება, თუმცა ეს საკითხები აღარ არის მუნიციპალური სამსახურების მოსაგვარებელი”,– აცხადებენ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლები.