პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა, 136 ხმით, 5 -ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
პარლამენტის 85 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალა გლობალურმა პანდემიამ, საქართველომ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის აღდგენა, მისი ჩატარება ოპტიმალურ ვადებში, მისი დასრულება და ეს პროცესი არის კანონმდებლობის თანახმად, დასრულებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისში შექმნილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, აღმოსავლეთ საქართველოში – 10, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 12.
„ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც დადგინდა ევროპული ტიპის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ახალი რედაქცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად:
არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით;
პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე;
იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს;
ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს;
კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით;