ახალი ამბები

თურქეთში გარდაცვლილ ქალს დედოფლისწყაროში დღეს დაკრძალავენ

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დედოფლისწყაროდან ემიგრაციაში წასული ნიაზი გაგაძე გარდაცვლილი იპოვეს. ქალბატონი 4 წელის განმავლობაში სტამბოლში სამუშაოდ იმყოფებოდა.

წინასწარი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. გარდაცვლილ ქალს დედოფლისწყაროში დღეს დაკრძალავენ.

დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორის ილია მარტყოფლიშვილის განმარტებით, ნიაზი გაგაძე 1980 წლიდან წითელწყაროს სახალხო თეატრის მსახიობად მუშაობდა.

,,ნიაზი გაგაძე დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ყოფილი თანამშრომელი, წითელწყაროს სახალხო თეატრის მსახიობი, ბულგარეთის 1987 წლის ფოლკლორის ფესტივალის ლაურეატი იყო. მას 1980-1988 წლებში რაიონის კულტურული ცხოვრების განვითარებაში ნაყოფიერი წვლილი აქვს შეტანილი”,– განუცხადა Knews.ge-ს ილია მარტყოფლიშვილმა.