როგორი იქნება წინასაარჩევნო კამპანია კახეთში
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილი არ არის, პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო.
პანდემიიდან გამომდინარე, როგორ განახორციელებენ პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიას ამ დროისთვის ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მათივე განმარტებით, ყველა პოლიტიკური ძალა თანაბარ წინასაარჩევნო გარემოში უნდა იყოს.
,,ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა ყველა პარტიამ თავისუფლად განახორციელოს წინასაარჩევნო კამპანია.
,,ხელისუფლებას აქვს იმისი სურვილი, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცეთ სრულყოფილად საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა და ყველაფერს აკეთებს, რათა ოქტომბრამდე რამენაირად უსევ შემოიღოს ის შეზღუდვები რაც დაწესებული იყო. თუ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს და ხელს შეუშლის პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს კვალიფიცირდება როგორც არჩევნების გაყალბება. თუ ამას მთავრობა გააკეთებს, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება და არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებს ასეთ შედეგს’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.
თელავში საარჩევნო შტაბს, კახეთის გუბერნატორის მოადგილე, პლატონ კალმახელიძე უხელმძღვანელებს.
მისი თქმით, როდის დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ამის შესახებ ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუმცა განმარტავს, რომ კამპანია შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე განსხვავებული ფორმატით განხორციელდება.
,,პანდემიის გამო მოსახლეობასთან შეხვედრების ფორმატი და წინასაარჩევნო კამპანია რა თქმა უნდა იქნება განსხვავებული. ეს კი აუცილებლად შესაბამისობაში იქნება მთავრობის მიერ მიღებულ სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან და არც წინასაარჩევნო კამპანია იქნება გამონაკლისი. რა ფორმით შევა ცვლილებები ამ მიმართულებით, ცნობილი გახდება მას შემდეგ რაც დადგინდება არჩევნების ჩატარების თარიღი და კონკრეტული გეგმა. ამას შესაბამისად, მოჰყვება გარკვეული ინსტრუქციები’’,– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
ნაციონალური მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე, შაქრო ტერტერაშვილი აცხადებს, რომ ისინი საარჩევნო კამპანიას იმ ფორმით განახორციელებენ, რის საშუალებასაც ეპიტსიტუაცია და კანონმდებლობა მისცემს.
,,წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეხვედრები ჩატარდება ზუსტად იმ ფორმით, რის საშუალებასაც მოცემული სიტუაცია და კანონმდებლობა მოგვცემს. თუ იქნება პანდემიის პატარა რისკიც კი ცხადია ჩვენ ამას გავითვალისწინებთ. სტაბილური სიტუაციის შემთხვევაშუ ჩვენ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველთან მივიდეთ’’,– განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას შაქრო ტერტერაშვილმა.
,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი თელავის მუნიციპალიტეტში, ლელა მენთეშაშვილი აცხადებს, რომ მათაც, როგორც სხვა ყველა პოლიტიკურ პარტიას, არჩევნებისთვის შიდა პარტიული მზადება დაწყებული აქვთ.
ლელა მენთეშაშვილი ამ დროისთვის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
,,ჯერ კანდიდატებზე არ ვართ შეჯერებული და უახლოეს დღეებში გვეცოდინება და უკვე საარჩევნო მიმართულებით მუშაობას უფრო აქტიურად დავიწყებთ. შიდა პარტიული მზადება ,რა თქმა უნდა, როგორც ყველას, დაწყებული გვაქვს როცა აქტიურ ფაზაში. გადავალთ, გვექნება მითითებებიც თუ როგორ ვაწარმოოთ კამპანია პანდემიის პირობებში. მინდა ავღნიშნო, რომ საარჩევნო შტაბს თელავში მე ვუხელმძღვანელებ’’,– განაცხადა ლელა მენთეშაშვილმა.