კახეთში სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, განისაზღვრა სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ნუსხა და ჩატარების წესი.
,,კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე იმყოფება 70 მოქალაქე.
გარდა ამისა, მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ უკვე კარგად ცნობილ რისკ-ჯგუფებს (კარანტინის ბენეფიციარები, კარანტინის პერსონალი, შშმ პირები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლები, საბაჟოს თანამშრომლები, კოვიდ, ცხელების და სხვა სტაციონარების მედპერსონალი, ტუბპაციენტები), დაემატა: ფსიქიატრიული და ტუბდაწესებულებების პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პირები, პირველადი ჯანდაცვის , მათ შორის სოფლის ექიმები და ექთნები, პენიტენციური სამსახურის და შსს თანამშრომლები, ვისაც შეხება აქვთ ბრალდებულთან, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები. კოვიდ და ცხელების ცენტრების კონტიგენტის გარდა, ვისაც ტესტირება უტარდება 7 დღეში ერთხელ, დანარჩენ კონტიგენტს ტესტირება უტარდება 14 დღის პერიოდულობით”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 16 ივნისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 84 ნიმუში და ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 5058 ნიმუში, აქედან 1643 მედპერსონალია, 1850 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 243 შშმ პირი და 33 ტრაილერის მძღოლი.