კახეთში 5 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კახეთის რეგიონში 5 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კახეთის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კალაურის, კარდენახის, ნინიგორის, სამთაწყაროს და ძველი ანაგის საჯარო სკოლებს.
“სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო. მთავრობის დაფინანსებით უკვე დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და მიმდინარეობს 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. დონორის დაფინანსებით დაწყებულია 20 სკოლის ენერგო ეფექტური კომპონენტის გაძლიერებაც”, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
კახეთის 5 საჯარო სკოლის გარდა, გურიის რეგიონის 8 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაციაც განხორციელდება.
პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორების (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია.